კატალოგი
ბორში ”უშკებით”
გავრეცხოთ 750 გრამი ჭარხალი, დავჭრათ ნაჭრებად, ჩავაწყოთ ქოთანში და დავუმატოთ ჭვავის პურის ნაჭერი. დავასხათ თბილი წყალი და 1 კვირით დავდგათ თბილ ადგილას, თავზე საცერი დავახუროთ. ბორშის მომზადების დღეს მოვხარშოთ ხორცი მწვანილთან ერთად, ჭარხალი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, დავამატოთ წყალი და მოვხარშოთ. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან, გავწუროთ და თავდახურული გავაჩეროთ 1 საათი, რის შემდეგაც დავამატოთ გაწურული ხორცის ბულიონი და ჭარხლის ნაყენი, ასევე მარილი და შაქარი. "უშკებისათვის" მოვზილოთ სქელი ცომი, გავაბრტყელოთ თხელ ფირფიტად და დავჭრათ კვადრატებად. თითოეულ კვადრატზე მოვათავსოთ შიგთავსი და გადავკეცოთ ისე, რომ სამკუთხედი გამოგვივიდეს. მზა "უშკები" მოვხარშოთ ოდნავ მარილიან წყალში. როდესაც მოიხარშება ამოვიღოთ და გადავიტანოთ ბორშში. შიგთავსი "უშკებისათვის" მოვამზადოთ შემდეგნაირად: მოხარშული ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში; ტაფაზე მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ხორცი და პილპილი, ბოლოს დავამატოთ 2-3 სუფრის კოვზი ბულიონი იმისათვის, რომ მასა უფრო ნაზი გახდეს. სხვა სახის შიგთავსის მოსამზადებლად მოვხრაკოთ ხახვი, გავასუფთავოთ სოკო, წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ, შემდეგ მოვაყაროთ მარილი და პილპილი და შევურიოთ 10 გრამი გახეხილი ორცხობილა და კვერცხის ცილა, რის შემდეგაც მიღებული მასა კარგად ავურიოთ. მასალა: ბულიონისათვის 1 ½ კილოგრამი ჭარხალი 750 გრამი ძროხის ხორცი მწვანილი სუპისათვის მარილი ცოტა შაქარი ჭვავის პურის ნაჭერი ცომისათვის 1 ½ ჭიქა ფქვილი წყალი შიგთავსისათვის მოხარშული ხორცი 1 თავი ხახვი 1 სუფრის კოვზი ცხიმი 2-3 სუფრის კოვზი ბულიონი მარილი პილპილი ან 100 გრამი სოკო 20 გრამი წვრილად დაჭრილი ხახვი 30 გრამი ცხიმი 1 კვერცხის ცილა 10 გრამი დანაყილი ორცხობილა