კატალოგი
ტორტი ალუბლით
კარგად გარეცხილ ალუბალს გამოვაცალოთ კურკა, გავხლიჩოთ შუაზე და ქვაბში ფენა-ფენა ჩავაწყოთ ჯერ ალუბალი, შაქრის ფხვნილი (2 ჩაის ჭიქა), ისევ ალუბალი და ა.შ. მეორე დღეს ან 4-5 საათის შემდეგ ალუბალი გაუშვებს წვენს და მზად იქნება ტორტისათვის. ერთი ჩაის ჭიქა ალუბალი დავტოვოთ მთელები (უშაქროდ) ტორტის ზემოდან მოსართავად. გავაკეთოთ ბისკვიტი ჩვეულებრივი წესით: 12 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ კარგად. შევათქვიფოთ 12 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი და კვერცხის გულები, დავამატოთ ვანილი და 10 სუფრის კოვზი გაცრილი ფქვილი, ჩავასხათ პერგამენტგადაფარებულ და ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: 2 კვერცხის გულისა და ერთი ცაის ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. დავამატოთ ერთი სუფრის კოვზი ფქვილი, დავასხათ ერთი ცაის ჭიქა ცხელი რძე, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. როცა გაცივდება, შევათქვიფოთ 100 გრამი დარბილებული კარაქი. ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ალუბლის წვენით, რომელსაც დამატებული ექნება 2 სუფრის კოვზი კონიაკი, ან არაყი. ქვედა ფენა დავფაროთ დაშაქრული ალუბლით, დავასხათ კრემი, შემდეგ ისევ ალუბალი და დავაფაროთ ზედა ფენა. 2 კვერცხის ცილა (რომელიც კრემიდან დაგვრჩა) გავთქვიფოთ გათეთრებამდე. თანდათან შევურიოთ ნახევარი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ვანილი და დაშაქრული ალუბალი (დაახლოებით 1 ჩაის ჭიქა); ვთქვიფოთ კარგად მიქსერით, სანამ სქელ მასას არ მივიღებთ, ამ მასით დავფაროთ ტორტი მთლიანად (ზემოდან და გვერდებზე) და მოვრთოთ ცოცხალი ალუბლებით. მასალა: კვერცხი - 14 ცალი შაქრის ფხვნილი - 5 ჩაის ჭიქა კარაქი - 100 გრამი რძე - 1 ჩაის ჭიქა ფქვილი - 11 სუფრის კოვზი ალუბალი - 1,5-2 კილოგრამი ვანილი, კონიაკი - გემოვნებით