კატალოგი
ტორტი ”ოცნება”
ბეჭდვა |
4 ცალი კვერცხის ცილა დიდხანს ვთქვიფოთ; ნელ-ნელა შევათქვიფოთ ერთი ჭიქა შაქრის ფხვნილი. ფორმას დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, დავასხათ მიღებული ცილის მასა და გამოვაცხოთ ბეზე. ბეზეს გამოცხობას დასჭირდება დაახლოებით 2-3 საათი.
ამავე ფორმაში გამოვაცხობთ ბისკვიტს შემდეგნაირად: 7 ცალი კვერცხი მიქსერით კარგად გავთქვიფოთ შაქრის ფხვნილთან ერთად; ჩავამატოთ დაფქვილი ტკბილი ორცხობილა, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი - შერეული ერთ სუფრის კოვზ ფქვილთან, დავამატოთ სოდა გახსნილი ძმარში და ჩავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში.
როცა გამოცხვება, ტორტი გავაფორმოთ შემდეგნაირად: ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, ქვედა ნაწილს წავუსვათ კრემი, დავაფაროთ ბეზე, წავუსვათ კიდევ კრემი, დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ნაწილი, წავუსვათ კიდევ კრემი და ზემოდან და გვერდებზე მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.
კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად:
4 კვერცხის გულისა და 3 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. 0,5 ჩაის ჭიქა მაგარ ყავას დავასხათ რძე, ისე, რომ ჭიქა შეივსოს, დავასხათ გოგლი-მოგლს, ავურიოთ და შევდგათ ნელ ცეცხლზე, თან ვურიოთ, დავამატოთ ვანილი და გავაცივოთ.
300 გრამი კარაქი ავზილოთ, კარგად გავთქვიფოთ და შევაზილოთ ყავის გოგლი-მოგლი.
მასალა:
კვერცხი - 11 ცალი
შაქრის ფხვნილი - 2,5 ჩაის ჭიქა
კარაქი - 300 გრამი
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
დაფქვილი ორცხობილა - 0,5 ჩაის ჭიქა
ფქვილი - 1 სუფრის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
სოდა - 1 ჩაის კოვზი
რძე - 0,5 ჩაის ჭიქა
მაგარი ყავა - 0,5 ჩაის ჭიქა
პოპულარული რეცეპტი
ფილე დავჭრათ სიგრძეზე, დავბეგვოთ, ზ...
ახალგაზრდა მსუქანი საქონლის ხორცი დ...
ბრინჯი გავრეცხოთ და მოვხარშოთ, გადა...
ფქვილი გავცრათ. დროჯი გავხსნათ ნახე...
მანანის ბურღულიდავყაროთ დაფაზე და მ...
გავრეცხოთ 750 გრამი ჭარხალი, დავჭრა...