კატალოგი
ბადრიჯნის მურაბა
ქორფა ბადრიჯანს (თესლიანი არ უნდა იყოს) მოვაჭრათ წვერი და გავჭრათ ოთხად, ისე რომ ყუნწი შერჩეს. გავთალოთ და მივცეთ მრგვალი ფორმა ისე, რომ წვრილ ბადრიჯნებს დაემსგავსოს. მაშინვე ჩავყაროთ ცივ წყალში, რომ არ გაშავდეს და თავი დავახუროთ. შემდეგ ჩავყაროთ ქილაში, დავაყაროთ კირი, დავასხათ ცივი წყალი და გავაჩეროთ 1,5-2 საათი. შემდეგ ამოვიღოთ, კარგად გავრეცხოთ, ჩავყაროთ ადუღებულ წყალში, ვადუღოთ 3 წუთი; გადავიღოთ საწურზე; ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ შიგ ნახევარი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, გაწურული ბადრიჯანი, ვადუღოთ 5 წუთი; გადავიტანოთ საწურზე და ხელით კარგად გავწუროთ. 100-110 ცალ პატარა ბადრიჯანზე ავიღოთ 2 კილოგრამი შაქარი, დავასხათ ბლომად წყალი და გავაკეთოთ სიროფი; ჩავყაროთ შიგ მომზადებული ბადრიჯანი და ვადუღოთ სანამ მოიხარშებოდეს. თუ ბადრიჯანი მოხარშული არ არის, სიროფი კი სქელია, მაშინ დავამატოთ ადუღებული წყალი. მასალა: ბადრიჯანი - 100-110 ცალი შაქარი - 2 კილოგრამი 0,5 ჩაის ჭიქა კირი - 300 გრამი ვანილი - გემოვნებით