კატალოგი
ხაჭაპური საფუარიანი ცომისაგან
ცომის მოსამზადებლად საჭიროა ავიღოთ 2 ჩაის ჭიქა სითხე (რძე ან წყალი, ან რძიანი წყლით), გავათბოთ (დაახლოებით 30°), გავხსნათ შიგ საფუარი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცხიმი გავადნოთ და ვზილოთ ცომი ცხიმიანი ხელით, სანამ ცომი ცხიმს მთლიანად არ შეიზელს. მოზელილ ცომს მოვაყაროთ ფქვილი, დავახუროთ სუფთა ტილო და დავდგათ თბილ ადგილას 3-4 საათი. გაფუების პროცესში ცომი შეიძლება 2-3-ჯერ დავზილოთ. მოვამზადოთ ყველის სატენი შემდეგნაირად: ყველი დავჭრათ ნაჭრებად, დავასხათ ცივი წყალი და დავალბოთ (თუ ყველი მარილიანია). რამდენად მარილიანია ყველი, დალბობის დროც იმით განისაზღვრება. სულ უმარილო, ახალ ყველს დალბობა არ სჭირდება. ყველი კარგად დავჭყლიტოთ, ავურიოთ კვერცხი და ცხიმი. ცომი გავაბრტყელოთ, მივცეთ მრგვალი მოყვანილობა, მოვათავსოთ ზედ ყველი, მოვუკრათ პირი და გამოვაცხოთ. ასეთი ხაჭაპურის გამოცხობა შეიძლება კეცებში, აირღუმელში და ტაფაზე. თუ ხაჭაპურს აირღუმელში გამოვაცხობთ, ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული. მასალა: ფქვილი - 1 კილოგრამი საფუარი - 30-50 გრამი სითხე (წყალი ან რძე) - 2 ჩაის ჭიქა ცხიმი - 3-4 სუფრის კოვზი კვერცხი - 3-4 ცალი (ცომისათვის) ყველი - 1 კილოგრამი კვერცხი - 2-3 ცალი (ყველის სატენისათვის) ცხიმი (ერბო ან კარაქი) - 2 სუფრის კოვზი