კატალოგი
ტორტი თაფლის
ორი სუფრის კოვზი თაფლი ჩავდოთ ქვაბში და დავდგათ ნელ ცეცხლზე; ადუღებისთანავე თაფლში ჩავყაროთ ნახევარი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ. გაციებულ თაფლს შევურიოთ კარგად ათქვეფილი 2 კვერცხი, კარაქი ან მარგარინი, 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და კარგად ავთქვიფოთ. ბოლოს დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი. ცომი გავყოთ 5 ტოლ ნაწილად. თითოეული მრგვალად გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ ცხიმწასმულ ტაფაზე. ფირფიტა არ უნდა დაგვეწვას და უნდა იყოს რაც შეიძლება ღია ფერის. ფირფიტები გავაგრილოთ, გვერდები კოხტად შემოვაჭრათ, ნაჭრები დავჭრათ ტორტზე მოსაყრელად. კრემისათვის ავიღოთ ცივი არაჟანი, დიდხანს ვთქვიფოთ, დავაყაროთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და გავაგრძელოთ თქვეფა, ვიდრე ერთგვაროვან ფუმფულა მასას მივიღებთ; დავამატოთ ვანილი და ცოტა მაგარი ღვინო. თითოეულ ფირფიტას წავუსვათ კრემი, ერთმანეთზე დავალაგოთ და ბოლოს მოვაყაროთ დაფხვნილი მასა. ტორტი 3-4 საათით შევდგათ მაცივარში; მაშინ ფირფიტები ერთნაირად გაიჟღინთება და ტორტი გემრიელი და ნაზი გამოვა. მასალა: თაფლი - 2 სუფრის კოვზი კვერცხი - 2 ცალი კარაქი - 150 გრამი შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა არაჟანი - 500 გრამი ფქვილი - რამდენიც დასჭირდება მაგარი ღვინო - 1 სუფრის კოვზი ვანილი - გემოვნებით