კატალოგი
ნიგვზიანი ტორტი ბეზეთი
12 კვერცხი ცილა კარგად გავთქვიფოთ მიქსერით 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად. თანდათან მივამატოთ ამავე კვერცხის გულები და კარგად ვთქვიფოთ. ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი შევურიოთ 1,5 ჩაის ჭიქა ფხვნილში და თანდათან გავხსნათ გათქვეფილ კვერცხში. ყალიბს ძირზე წავუსვათ ცხიმი და მიღებული მასალა ჩავასხათ გამოსაცხობად. ბისკვიტის გამოცხობა შეიძლება როგორც გაზქურაში, ისე გაზქურის ზემოდან - ტორტის ფორმაში ან ალუმინის ქვაბში, ძალიან დაბალ ცეცხლზე (2-3 საათის განმავლობაში). ბეზეს გამოცხობის წესი: 8 კვერცხის ცილა მიქსერით დიდხანს ვთქვიფოთ. ცილა ისე უნდა გამაგრდეს, რომ ქვაბის გადმობრუნებისას არ გადმოიღვაროს. თანდათან შევურიოთ ორი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და გავაგრძელოთ თქვეფა. მიღებული ცილის სქელი მასა გავყოთ ორ ნაწილად; ერთი ნაწილი ისეთივე მრგვალი ფორმის ბეზესათვის, როგორი ბისკვიტიც გვაქვს. მეორე ნახევარიდან გავაკეთოთ ყვავილები, სოკოები (გამოვიყენოთ ტორტის მოსართავი ფორმები). ეს ყველაფერი მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ გაზქურაში, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე. ბეზეს ცხობა უნდა გაგრძელდეს 3-3,5 საათის განმავლობაში. კრემის მომზადების წესი: 8 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ 1,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ 1 ჩაის ჭიქა ცხელი რძე, ორი სუფრის კოვზი ხსნადი ყავა, ვანილი, დავდგათ ნელ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურიოთ: როცა მასა ადუღებამდე მივა, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ. დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ კარგად და თანდათან დავამატოთ ეს მასა. ვთქვიფოთ მიქსერით, ან ხელით დიდხანს, რომ კრემი ჰაეროვანი გამოვიდეს. ტორტის გაფორმება ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, ჰორიზონტალურად; ორივე ფენა დავნამოთ წინასწარ მომზადებული ყავით: 1 ჩაის ჭიქა ჩვეულებრივად მომზადებულ ხსნად ყავას დავამატოთ 2 სუფრის კოვზი რომი ან კონიაკი (შეიძლება რამოდენიმე წვეთი რომის ესენცია). ბისკვიტის პირველ ფენას წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მოხალული ნიგოზი, დავაფაროთ ბეზეს მთლიანი ფენა, წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ ნიგოზი. დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ფენა, წავუსვათ კრემი. ზემოდან მოვრთოთ ბეზეს სოსკოებით ან ყვავილებით. გვერდებზეც წავუსვათ კრემი, მივაკრათ ბეზეს ყვავილები, ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მოხალული ნიგოზი და დავაჭრათ კაკაოს ფხვნილი. მასალა მთლიანად ტორტისათვის: კვერცხი - 20 ცალი ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა კარაქი - 500 გრამი ფქვილი - 1,5 ცაის ჭიქა შაქრის ფხვნილი - 5,5 ჩაის ჭიქა რძე - 1 ჩაის ჭიქა ხსნადი ყავა - 3 სუფრის კოვზი