კატალოგი
ჩურჩხელა
ჩურჩხელა კეთდება ნიგვზის, თხილის, ნუშის, გარგარის გულის, ჩამიჩის, ჩირის და სხვა. ჩურჩხელისათვის უნდა შეირჩეს თეთრი, საღი, კარგად გამშრალი ნიგოზი. ნიგვზისაგან კეთდება სამნაირი ჩურჩხელა: მთელ-მთელი ლებნისაგან, ნახევარი ლებნისაგან და ლებნის მეოთხედისაგან (ე. ი. ერთი ლებანი ოთხად იყოფა). ლებნის მეოთხედისაგან აგებული ჩურჩხელა ყველაზე უფრო გავრცელებულია, ვინაიდან როგორც შესანახად, ისე მოსახმარად ის ყველაზე უფრო პრაქტიკულია. თხილის ჩურჩხელისათვის, საჩურჩხელე თხილს კანი უნდა გავაცილოთ. ამისათვის თხილი უნდა დავყაროთ ცხელ ტაფაზე და თან სულ ვურიოთ, რომ არ დაიწვას. როცა შევატყობთ, რომ კანი უკვე ეცლება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ხელის მოსმით კანი მოვაცილოთ. კანის მოცილება შეიძლება თხილის ცხელ წყალში ჩაყრით და წამოდუღებით. შემდეგ კი ცივ წყალს გადავავლებთ და ხელით მოვაცილებთ კანს. ასეთივე წესით შეიძლება კანი გავაცილოთ ნუშს, გარგარის გულს. აბრეშუმის, ან ბამბის მაგარი ძაფი დავჭრათ ჩურჩხელის ზომაზე, ავაგოთ საშუალო ზომის წმინდა ნემსზე; ერთი მომსხო ნიგოზი ავაგოთ ძაფზე და ორჯერ ამოვუყაროთ, რომ ნიგოზი არ ჩამოცვივდეს. ამის შემდეგ ავაგოთ დანარჩენი ნიგოზი, სანამ ძაფი არ გაივსება. ნიგოზის ასხმის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ნიგოზსა და ნიგოზს შორის ცარიელი ადგილი არ დარჩეს. როცა ყველა ლებანს ავაგებთ, გავუკეთოთ მსხვილი ბამბის ძაფის სახელურები. ასეთივე წესით ავასხათ ნუში, გარგარის გული, დაჭრილი ჩირი, ჩამიჩი და სხვა. ამის შემდეგ ხდება ჩურჩხელების გავლება თათარაში (ფელამუშში), რომლის მომზადების წესი ზემოთ არის აღწერილი. მოდუღებულ თათარაში თითო-თითო ჩურჩხელა ამოვავლოთ და ავასხათ ხარიხაზე, ისე, რომ ერთმანეთს არ მოხვდეს. ჩურჩხელებს ერთი გავლება არ ეყოფა, ორი-სამი გავლებაა საჭირო (უმჯობესია პირველი ამოსავლები თათარა უფრო სქელი მომზადდეს). სანამ ჩურჩხელები გაშრება, ღამე შევინახოთ სიმშრალეში, დღე კი მზეზე გავკიდოთ, მხოლოდ ძალიან არ უნდა გავახმოთ; რბილი ჩამოვიღოთ და შევინახოთ ისეთ ადგილას, რომ ზომაზე მეტი არც სიცივე იყოს და არც სიცხე. ინახება ქსოვილში გახვეული. ასე შენახული ჩურჩხელა გათეთრდება და დაშაქრდება. კარგად ნადუღი თათარა ჩურჩხელიდან არ იღვენთება. თუ თათარა კარგი ნადუღია, მაშინ ჩურჩხელაც რბილი გამოდის. სირბილისათვის ბადაგს შეიძლება ცოტა შაქარი მიემატოს.