კატალოგი
ქადა (მეორენაირად)
საფუარი გავხსნათ თბილ რძეში, დავამატოთ შაქრის ფხვნილი, დანაყილი ლიმონის ქერქი, კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი ერბო, პურის ფქვილი, მოვზილოთ ცომი და დავდგათ გასაფუებლად თბილ ალაგას. როცა ცომი გაფუვდება, გავაბრტყელოთ, წავუსვათ ერბო და შევდგათ მაცივარში. ასე მოვიქცეთ ორჯერ. შემდეგ ცომი გავყოთ ორ ან სამ ნაწილად, გავაბრტყელოთ სათითაოდ, დავდოთ ქადის გული თანაბარი რაოდენობით და მივცეთ ჩვენთვის სასურველი ფორმა (ან მოვუკრათ პირი და გავაბრტყელოთ, ან დავახვიოთ და მივცეთ მილისებური სახე). დავდოთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. მოვამზადოთ ქადის გული შემდეგნაირად: დავყაროთ ტაფაზე პურის ფქვილი და მოვშუშოთ ერბოში, მერე ავურიოთ შიგ შაქრის ფხვნილი, დანაყილი დარიჩინი, მიხაკი და განვაგრძოთ მოშუშვა, სანამ არ შეწითლდება და ფქვილის გემო და სუნი არ დაეკარგება; ავიღოთ ცომი, გავყოთ ორ ნაწილად და გავათხელოთ სათითაოდ, რაც შეიძლება თხლად. დავაწყოთ ერთმანეთზე, ცომს შუაშიც და ზევიდანაც წავუსვათ ერბო, გავკეცოთ სამად, ისევ ერბო წავუსვათ და გრძლად, მილივით დავახვიოთ; გავჭრათ სამ ან ოთხ ნაწილად. გავაბრტყელოთ თითოეული ნაჭერი, ზემოდან თანაბრად მოვაყაროთ ქადის გული, მოვუკრათ პირი, გავაბრტყელოთ თითის სისქეზე. ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული, დავალაგოთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე, ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით სამ ოთხ ადგილზე და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. მასალა: ცომისათვის რძე - 1 ჩაის ჭიქა ერბო - 300 გრამი საფუარი - 25 გრამი პურის ფქვილი - 600 გრამი შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის კოვზი კვერცხის გული - 2 კვერცხის მარილი - 0,5 ჩაის კოვზი გულისათვის პურის ფქვილი - 400 გრამი შაქრის ფხვნილი - 400 გრამი ერბო - 200 გრამი დანაყილი დარიჩინი, მიხაკი - 1 ჩაის კოვზი